Daily Archives: ივლისი 9, 2012

რობერტ სტურუა

რობერტ რობერტის ძე სტურუა (დ. 31 ივლისი, 1938, თბილისი), ქართველი თეატრისა და კინოს რეჟისორი.

ადრეული ბიოგრაფია

რეჟისორის მამა, რობერტ ივანეს ძე სტურუა ცნობილი მხატვარია, რომლის ნამუშევრები თბილისის ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. დედა – ცუცა (მაყვალა) ბოლქვაძე. მეუღლე – დუდანა კვესელავა (1939). შვილები – გიორგი (1968), მიხეილი (1973).

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1962 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის თეტრში. 1979 წლიდან თეატრის მთავარი რეჟისორია, 1980-2011 წლებში იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელიც.

შემოქმედება

1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის „სეილემის პროცესი“, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს „ხანუმა“, რომელშიც მხიარული, კომიკური, მაგრამ რეალისტური პერსონაჟები ბუნებრივად ებმებიან პირობით თამაშში.

1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. პ. კაკაბაძის „ყვარყვარეში“ რეჟისორი სვამს სცენას ბ. ბრეხტის პიესიდან „არტურ უის კარიერა“. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს. ამ დროს რეჟისორი მჭიდროდ თანამშრომლობდა რ. ჩხიკვაძესთან, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სტურუას მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლებში: უ. შექსპირის „რიჩარდ III“ (1979) და ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (1975).

რობერტ სტურუა

1980-იანი წლები განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო სტურუას შემოქმედებაში. ამ პერიოდში იდგმება: თ. ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობის ქალისთვის“ (1980), მ. შარპოვის „ცისფერი ცხენები წითელ ბალახზე“ (1980), რ. სტურუას, ლ. ფოფხაძისა და ა. ვარსიმაშვილის „ვარიაციები თანამედროვე თემაზე“ (1981), რ. იბრაგიმბეკოვის „დაკრძალვა კალიფორნიაში“ (1983) და ა.შ.

1987 წელს სტურუამ დადგა „მეფე ლირი“. მასში გამოიკვეთა რეჟისორის მიდრეკილება ფილოსოფიური რეჟისურისადმი, რომელშიც სამყაროს თეატრალური ხედვა ტრაგიკულ ფინალს ერწყმის. კალდერონის პიესით, „ცხოვრება სიზმარია“, სტურუას შემოქმედებაში უკვე მეტაფიზიკური რეალობა შემოდის.

1994 წელს სტურუამ ი. გოგებაშვილის დედაენის მიხედვით დადგა სპექტაკლს „იაკობის სახარება“. 1996 წელს იქმნება „ლამარა“, გ. რობაქიძის ლირიკულ-მითოლოგიური დრამის მიხედვით. 1997 წელს ლ. თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“ განსაკუთრებით პოპულარული ხდება ახალგაზრდა თაობაში. 1998 წელს რეჟისორ დ. საყვარელიძესთან ერთად სტურუამ დადგა კ. გოცის პიესა „ქალი-გველი“. ამავე წელს მოსკოვში თეატრ „სატირიკონში“ იდგმება სტურუას „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კ. რაიკინი. 2000 წელს ისევ მოსკოვში, თეატრში „Et cetera“ იდგმება „შეილოკი“ (უ. შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ მიხედვით).

სტურუას ჰყავს ორი მუდმივი თანაავტორი: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.

პრემიები

სსრკ სახელმწიფო პრემია (1979)
რუსეთის ფედერაციის სახელწიფო პრემია (2000)
საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996)
კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია (1976)
შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1981)
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია (1997)
ალ. ყაზბეგის სახელობის პრემია (1999)
ჩაპლინ-კლუბის პრემია (1998)
საქართველოს ღირსების ორდენი (1998)

საერთაშორისო პრემიები

ალბერტ შვეიცერის სახელობის პრემია (1975)
ინგლისური კრიტიკის პრემია (1980)
იტალიური კრიტიკის პრემია (1981)
არგენტინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია (1988)
რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პრემია- “პრეზიდენტის ოქროს მედალი” (1998)
“თოლია”, ყველაზე ორიგინალური რეჟისორული ინტერპრეტაციისთვის (მოსკოვი, 1998)
ფესტივალ “ბალტიური სახლის” მთავარი პრემია (1998)

Tagged

ბულგარეთი

ბულგარეთი (ბულგ. България), ოფიციალური სახელი ბულგარეთის რესპუბლიკა (Република България), ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთს ესაზღვრება ხუთი სახელმწიფო: რუმინეთი ჩრდილოეთიდან (საზღვრის დიდი ნაწილი მდინარე დუნაის მიუყვება), სერბეთი და მაკედონია დასავლეთიდან, საბერძნეთი და თურქეთი კი სამხრეთიდან. შავი ზღვა მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთით.

ბულგარეთის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 110,994 კვადრატული კილომეტრს და მას ევროპაში მე–16 ადგილი უკავია. ქვეყანაში არის რამდენიმე განსაკუთრებით მაღალი მთათა სისტემა, ესენია სტარა-პლანინას (ბალკანეთის) და როდოპის მთათა სისტემა, ასევე აღსანიშნავია რილას ქედი, აქ მდებარეობს ბალკანეთის უმაღლესი მწვერვალი მუსალა. ამის საპირისპიროდ დუნაის დაბლობი ჩრდილოეთით და ზემო თრაკიის პლატო წარმოადგენს ბულგარეთის ყველაზე დაბალ წერტილს, აქვე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერი ტერიტორიებიც. ბულგარეთში შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე 378 კილომეტრს შეადგენს.

ჩვენი წელთაღრიცხვის VII საუკუნიდან იწყება ბულგარული სახელმწიფოს წარმოშობის და ჩამოყალიბების პროცესი. ყველა ბულგარულ სუბიექტს, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა, გააჩნდა საერთო ტრადიცია და ფესვები. ამ პერიოდში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დაწინაურდა ბულგარეთის პირველი იმპერია (632/681 – 1018).[1] საუკუნეების შემდეგ, ქვეყანაში წარმოიშვა ბულგარეთის მეორე იმპერია (1185 – 1396/1422), უკვე მოგვიანებით ეს ტერიტორია ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში მოექცა, ბულგარეთი ოსმალეთის შემადგენლობაში ხუთი საუკუნე დარჩა.

რუსეთ-ოსმალეთის 1877–1878 წლების ომმა განაპირობა ბულგარეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციურ მონარქიული სახელმწიფოს შექმნა, სანა-სტეფანოს ზავით აქ დაარსდა ბულგარეთის მესამე სახელმწიფო. 1908 წელს ბულგარეთმა ისარგებლა ოსმალეთში შექმნილი სოციალური არეულობით და სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ქვეყნის დედაქალაქი გახდა ველიკო-ტირნოვო.[2]

1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბულგარეთი გახდა კომუნისტური სახელმწიფო და ის წარმოადგენდა სოციალისტური ბანაკის წევრ ქვეყანას. ბულგარეთს 34 წლის განმავლობაში მართავდა თეოდორ ჟივკოვი (1954-1989). 1989 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში კომუნისტები დამარცხდნენ.

ბულგარეთი გაწევრიანებულია ევროკავშირში, ნატოში, გაეროში და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. 2006 წლის მონაცემებით, ამ სახელმწიფოს ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 61-ე ადგილი უკავია.

სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი Georgi PURVANOV (2002).
მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი Sergey Stanishev (2005).
საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი სახალხო კრება (240 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა : 8 ოლქი და დედაქალაქი.

დემოგრაფია
მოსახლეობა – 7.538 ათასი (2003), მათ შორის ბულგარელები 84%, თურქები 9%, ბოშები 4%.
სახელმწიფო ენა : ბულგარული.
რელიგია – მართლმადიდებელი ქრისტიანობა.
დედაქალაქი – სოფია (1.089, აგლ. 1,183 ათასი).
ქალაქები – პლოვდივი (338 ათასი), ვარნა (312), ბურგასი (192), რუსე (161), სტარა ზაგორა (143).

ისტორია

თურქებისაგან დამოუკიდებელი გახდა 1908 წელს. საბჭოთა ჯარები შევიდნენ ოკუპირებულ ბულგარეთში 1944 წელს, მონარქია დაეცა და დამყარდა კომუნისტური ორიენტაციის სახალხო რესპუბლიკა. პირველი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა 1987 წელს. 1991 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია. პირველი არაკომუნისტური მთავრობა ჩამოაყალიბა ფილიპ დიმიტროვმა. 90-იანი წლების პირველ ნახევარში გრძელდებოდა პოლიტიკური არასტაბილურობა და გაფიცვები. კომუნისტები დიდ გავლენას ინარჩუნებდნენ, რომლებმაც თავიანთ პარტიას სოციალისტური უწოდეს. რეფორმების პროცესი რთულად მიმდინარეობდა. 2001 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა ყოფილმა მეფემ სიმეონ მე-2-მ, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა. 2002 წლის ნოემბერში ბულგარეთმა მიწვევა მიიღო ნატოში გაწევრიანებისათვის.

მემკვიდრეობა

სოფია – წმ. სოფიის (VI ს.), ალექსანდრე ნეველის (XIX ს.), ბოიანას (XIII ს.) ტაძრები, არქეოლოგიური მუზეუმი;
კაზანლაკის და სვეჩტარის თრაკიული სამარხები;
მადარა ჰორსემანი;
ნესებარი – ძველი ქალაქი (V ს.);
პირინის ეროვნული პარკი;
რილას მონასტერი (XIX ს.);
სრებარნას ნაკრძალი;
ბაჩკოვო – პეტრიწონის მონასტერი;
რუსულ-ბულგარული მეგობრობის მონუმენტი შიპკის უღელტეხილზე (XIX ს.).

ცნობილი ბულგარელები

მწერალი – ივან ვაზოვი;
მომღერლები – ლილი ივანოვა, ფილიპ კირკოროვი;
სპორტსმენები : ხრისტო სტოიჩკოვი (ფეხბურთი), მაგდალინა მალეევა (ჩოგბურთი);
პოლიტიკოსები – ხრისტო ბოტევი, გიორგი დიმიტროვი, ტოდორ ჟივკოვი;
სხვები – ვანგა (ნათელმხილველი).

Tagged , ,

რობერტ უოდლოუ

რობერტ პერშინგ უოდლოუ (ინგლ. Robert Pershing Wadlow; დ. 22 თებერვალი 1918, ოლტონი, ილინოისი — გ. 15 ივლისი 1940, მანისტი, მიჩიგანი) — გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მაღალი ადამიანი, რომლის შესახებ ცნობები უეჭველია და რომლის სიმაღლე 2.72 სმ-ს უდრიდა.[1][2][3]
ბიოგრაფია
იგი მძიმედ იყო დაავადებული ჰიპოფიზით, რამაც გამოიწვია და დააჩქარა რობერტ უოდლოუს მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში სიმაღლეში ზრდა. როდესაც უოდლოუ გარდაიცვალა მისი სიმაღლე 2.72 სმ იყო შეფასებული, ხოლო წონა 199 კგ-ს უდრიდა. ამრიგად უოდლოუ სიმაღლეში 26 სმ ჭარბობს დღესათვის ყველაზე მაღალი ადამიანის სულთან კოსენის (246 სმ) სიმაღლეს.
უოდლოუს მშობლები ნორმალური სიმაღლისა იყვნენ; მაგ.: მამამისი, ჰაროლდ უოდლოუ სიმაღლეში 180 სმ აღწევდა და 77 კგ იწონიდა. 4 წლამდე რობერტი ნორმალური ტემპით იზრდებოდა, თუმცა ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა უოდლოუს კონსტრუქცია; იგი არნახული ტემპებით იზრდებოდა სიმაღლეში. ყველასათვის წარმუდგენელი იყო როდესაც ბიჭუნა 8 წლის ასაკში სიმაღლეში 188 სმ აღწევდა. 9 წლისა კი იმდენად განვითარდა, რომ საკუთარ მამას ხელით ატარებდა. 10 წლისას მისი სიმაღლე 198 სმ უდრიდა, ხოლო წონა 100 კგ-ს.
სრულწლოვნების პერიოდში (18 წლის ასაკში) რობერტ უოდლოუმ სიმაღლეში 254 სმ-ს მიაღწია და იწონიდა 177 კგ-ს. ამ პერიოდში უოდლოუ მთელს ამერიკაში გახდა ცნობილი და მას სრულიად უფასოდ უკერავდნენ ფეხსაცმელს (ამ მომენტისათვის მისი ფეხის ზომა 49 განისაზღვრებოდა).
მიუხედავად ყველაფრისა, იგი ჩვეულებრივ ცხოვრებას მისდევდა. სკოლა 18 წლის ასაკში დაამთავრა და უნივერსიტეტში ჩააბარა. იმავე წელს, ცირკთან ერთად მთელი აშშ მოიარა, ხოლო 1938 წლიდან მუდმივად მონაწილეობდა სხვადასხვა წარმოდგენებში, ხშირად პუბლიკაში ჩნდებოდა და ყველგან დიდ ყურადღებას იპყრობდა. ამიერიდან მას „კეთილი გიგანტი“ უწოდეს. როდესაც მას 21 წელი შეუსრულდა მისი სიმაღლე 2.63 სმ-ით განისაზღვრებოდა, ხოლო წონა 223 კგ-ს უდრიდა.

მცირე ასაკში მისი ჯანმრთელობა მძიმედ შეირყა. არნახული ტემპებით სიმაღლეში ზრდამ გამოიწვია ფეხების მგრძნობიარობის დაქვეითება. 1940 წლის 27 ივნისს რობერტ უოდლოუ უკანასკნელად გაზომეს სიმაღლეში და მისმა სიმაღლემ შეადგინა 2.72 სმ. ყველაფერი გაუარესდა მას შემდეგ, რაც უოდლოუს სეფსისი დაეწყო. ექიმები დიდი ძალისხმევით ცდილობდნენ მისი სიცოცხლის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ. რობერტ უოდლოუ, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ადამიანი 1940 წლის 15 ივლისს ძილში გარდაიცვალა.
უოდლოუს გასვენებაში 40 ათასი კაცი იმყოფებოდა. მისი სასახლე ნეხევარ ტონას იწონიდა და მას 12 კაცი მიაცილებდა.

Tagged